English / ქართული / русский /
ქეთევან შენგელია
სახელმწიფოს როლი ეკონომიკის ანტიკრიზისულ მართვაში პანდემიის პირობებში

ანოტაცია. ხელისუფლების როლი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაშიპანდემიის პირობებში უმნიშვნელოვანესია. მას აქვს ძირითადი ვალდებულებები: შეუნარჩუნოს საზოგადოებას მშვიდობა, ნორმალური ცხოვრების და მუშაობის პირობები, ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, წარმოების და ექსპორტის ზრდას.

სწორ ანტიკრიზისულ მართვას შეუძლია პრობლემების შერბილება, როგორც მესაკუთრეთა, ისე პერსონალის, საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისობაში მოყვანა და ეკონომიკის წონასწორობის შენარჩუნება გრძელვადიანი პერიოდისათვის.

ეკონომიკური ზრდის საფუძველი ტექნოლოგიურ პროგრესში მდგომარეობს, რომელსაც უნდა ასტიმულირებდეს სახელმწიფო და მსხვილი ბიზნესი,საზოგადოების ფართო ფენების მხარდაჭერით. ტექნოლოგიური განვითარებისათვის საჭიროა დიდი ოდენობით კაპიტალი, რაც მსხვილ კორპორაციებს და მონოპოლიებს გააჩნიათ. თავისუფალი ბაზრის პირობებში კი ტექნოლოგიური პროგრესი არაეფექტიანი იქნება სახელმწიფო რეგულირების გარეშე. უნდა განვითარდეს კვლევები უნივერსიტეტებში და მათ ამისათვის დაფინანსება სჭირდებათ. სახელმწიფოს ძირითადი პრინციპები უნდა გახდეს: კანონის უზენაესობა, წესრიგის დამყარება, დემოკრატიის განვითარება და საკუთრების უფლებების დაცვა.

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მოკლევადიანი პრიორიტეტი უნდა იქნეს:  Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული დანაკარგების მინიმიზაცია, აღდგენა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.

საშუალოვადიან პერიოდში მთავარი პრიორიტეტი  უნდა გახდეს: ქვეყნის რეგიონული და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება; კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის ხელშეწყობა; შიდა და უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების კეთილგანწყობის შენარჩუნება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება. კრიზისულ სიტუაციაში მკაფიოდ უნდა იყოს განაწილებული უფლებამოსილებანი. საზოგადოებრივი ინტერესები უნდა გახდეს  პრიორიტეტული კერძო ინტერესებთან  შედარებით. მაქსიმალურად შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები, რათა მიღწეულ იქნას შიდა გარემოს სტაბილიზაცია. მცირე უსამართლობამ  შეიძლება სოციალური აფეთქება გამოიწვიოს. საზოგადოება უნდა ენდობოდეს სამთავრობო ღონისძიებებს და მუდმივად გრძნობდეს მის მხარდაჭერას. წინააღმდეგ შემთხვევაში რყევები გარდაუვალი გახდება.

საკვანძო სიტყვები: სახელმწიფოს როლი, ეკონომიკური კრიზისი, ანტიკრიზისული მართვა, უმუშევრობა, სოციალური პრობლემები. 

*** 

თანამედროვე ეტაპზე საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური სისტემის  გაჯანსაღებისათვის მნიშვნელოვანია ხელისუფლება, ბიზნესი და საზოგადოება  ერთობლივად  ახდენდნენ კრიზისული სიტუაციების კოორდინირებას, ეფექტიანი შედეგების მისაღებად. კრიზისი საფრთხეს უქმნის ეკონომიკური სისტემის სიცოცხლისუნარიანობას. ამიტომ  ხელისუფლების როლი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაში უმნიშვნელოვანესია. მას აქვს ძირითადი ვალდებულებები: შეუნარჩუნოს საზოგადოებას მშვიდობა, ნორმალური ცხოვრების და მუშაობის პირობები, ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, წარმოების და ექსპორტის ზრდას.

სწორ ანტიკრიზისულ მართვას შეუძლია პრობლემების შერბილება, როგორც მესაკუთრეთა, ისე პერსონალის, საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისობაში მოყვანა და ეკონომიკის წონასწორობის შენარჩუნება გრძელვადიანი პერიოდისათვის. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების კეთილგანწყობის შენარჩუნება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება. კრიზისულ სიტუაციაში მკაფიოდ უნდა იყოს განაწილებული უფლებამოსილებანი. საზოგადოებრივი ინტერესები უნდა გახდეს პრიორიტეტული კერძო ინტერესებთან  შედარებით. მაქსიმალურად შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები, რათა მიღწეულ იქნას შიდა გარემოს სტაბილიზაცია. მცირე უსამართლობამ  შეიძლება სოციალური აფეთქება გამოიწვიოს. საზოგადოება უნდა ენდობოდეს სამთავრობო ღონისძიებებს და მუდმივად გრძნობდეს მის მხარდაჭერას. წინააღმდეგ შემთხვევაში რყევები გარდაუვალი გახდება.

მენეჯმენტის მეცნიერების უძლიერესი წარმომადგენლები ჯ. მეიო და ფ. როტლისბერგელი სამართლიანად ასაბუთებდნენ ანტიკრიზისულ მართვაში ადამიანურ  ურთიერთობათა უპირატესობას. მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეული წევრის სწორი და ეფექტიანი ინფორმირება, არსებული პრობლემების შესახებ, რაშიც დიდი როლი ეკისრებათ პროფესიონალებს.

თანამედროვე პანდემიამ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემაში გამოიწვია ეკონომიკური, სოციალური, ორგანიზაციული, ფსიქოლოგიური კრიზისი. პრობლემებია საქონლის წარმოებასა და რეალიზაციაში, გართულებულია კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება და დაქვეითებულია გადამხდელუნარიანობა. საფინანსო დისბალანსი უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე, რის გამოც 2020 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა არის ნეგატიური  5%. დარღვეულია ფინანსური და ეკონომიკური წონასწორობა. ეროვნული ვალუტა სულ უფრო მეტად განიცდის დევალვაციას. ეროვნული ბანკი ხარჯავს რეზერვების მნიშვნელოვან რაოდენობას, თუმცა შედეგი უმნიშვნელოა. კრედიტორებს უჭირთ სესხის დაფარვა, რაც ასევე უარყოფითად აისახება კომერციული ბანკების ფუნქციონირებაზე. იზრდება  სახელმწიფო საგარეო ვალი და მისმა მოცულობამ 6 მლრდ 143 მლნ შეადგინა 2020 წლის მონაცემებით[1]. ჩვენი გადამხდელუნარიანობა ძირითადად დამოკიდებული იყო საგარეო გადმორიცხვებზე და ტურიზმის სექტორზე, რაც იმთავითვე არასწორი მიდგომა გახლდათ. ტურიზმმა კოლაფსი განიცადა პანდემიის გამო, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში. გაიზარდა უმუშევრობა, შემცირდა შემოსავლები, რაც უარყოფითი მულტიპლიკატორის ეფექტით აისახა ერთობლივი მოთხოვნის შემცირებაზე. მთავრობის მიერ დაანონსებული იმპორტის ჩანაცვლების და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის პოლიტიკა, საკმაოდ დაგვიანებული აღმოჩნდა.

ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებას მივყავართ სოციალურ კრიზისამდე. მწვავდება სიტუაცია საზოგადოებას, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის. საზოგადოება კარგავს ნდობას მთავრობის მიმართ, რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს მართვის პროცესებს. სახელმწიფოს შეუძლია უფრო აქტიურად გამოიყენოს ისეთი ბერკეტები, როგორიცაა ქონების გადასახადი, მოგების გადასახადი, პროგრესული გადასახადი და დივიდენდები. საგადასახადო სისტემა ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია რესურსების მობილიზებისთვის, რათა გაიზარდოს სოციალური პაკეტები. როგორც პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, სოციალური დახმარების პაკეტები 721 ათასმა მოქალაქემ მიიღო, თუმცა ბევრი დარჩა ამ დახმარების მიღმა. უნდა გავიმყაროთ პოზიციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ასევე ადგილობრივ მსხვილ ბიზნესთან.

მწვავდება ორგანიზაციული ურთიერთობები. იწყება კონფლიქტები და უწესრიგობა, რასაც მოხერხებულად იყენებენ ოპოზიციური ძალები. იზრდება უპასუხისმგებლობა და რთულდება სისტემის კონტროლი. სახელმწიფოს როლი ამ მიმართულებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. უნდა აღიკვეთოს ჯანდაცვის სექტორში ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ბიზნესის „პრივილეგიები“ სახელმწიფოს მფარველობაზე. ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოგვიყვეს 3,5 მილიარდი ლარის ექვივალენტი დოლარში, რომლის განაწილება და განკარვა არ არის გამჭვირვალე პროცესი. შეიმჩნევა ინტერესთა ლობირება, რითაც სარგებლობს ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი „ბიზნესი“. ასევე არ არსებობს გამჭვირვალე ინფორმაცია აგვისტოს ომის შემდეგ შემოსული 4 მილიარდი დოლარის განაწილების შესახებ. საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს, რა მიზნებით და როგორი პრიორიტეტულობით ხდება განაწილება, ეს კი, სამწუხაროდ, ბუნდოვანია. უნდა გამოირიცხოს ლობირება და ნეპოტიზმი (თუმცა საქართველოში ეს როგორ მოხდება გაურკვეველია).

ეს ყოველივე გადადის ფსიქოლოგიურ კრიზისში. საზოგადოებას მუდმივად უხდება სტრესულ და პანიკურ გარემოში ყოფნა, რასაც ერთვის სოციალური დაუცველობის, გაურკვევლობის შიში.

ანტიკრიზისულ გეგმაში სწორად არის დასახული მცირე მეურნეობათა დაფინანსების ვექტორი, რაც სოციალურ მიდგომას წარმოადგენს. თუმცა აქაც გარკვეული ბუნდოვანებაა. ანტიკრიზისული გეგმის სოციალური ნაწილი ეთმობა უმუშევრობის პრობლემას. გაურკვეველია, როგორ გარდაიქმნება შრომითი ბაზარი კორონავირუსის კრიზისის ფონზე. სამწუხაროდ, დღეისთვის მხოლოდ საარსებო შემწეობის სისტემა გვაქვს. თუმცა უმუშევრობის შემწეობაზე გადასვლა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და არსებული ბიუჯეტის პირობებში, თითქმის შეუძლებელი ხდება. მითუმეტეს, დღეისთვის არ ხდება არაფორმალურ სექტორში ჩართულ ადამიანთა აღრიცხვა, რის გამოც ძალიან ხშირად ეს ადამიანები სოციალური უსაფრთხოების სისტემის მიღმა რჩებიან. გართულებულია ბიუროკრატიული პროცედურებიც. რეალურად არ არსებობს ზუსტი მონაცემები შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების შესახებ, რის გამოც მათი მყისიერი დახმარება გართულებულია.

ასე  რომ, ჩვენს ქვეყანას რადიკალური რეფორმები სჭირდება, განსაკუთრებით უმუშევრობის და სიღარიბის შემცირების კუთხით. მართალია, მრავალი პოზიტიური რეფორმა განხორციელდა, მაგრამ პრობლემები ისევ რჩება. მთავრობის მიზანი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა ისევ მიუღწეველი რჩება.

ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის მთავარი პრინციპის თანახმად, კერძო სექტორი გვევლინება ეკონომიკური განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად. ხოლო სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის თავისუფალ განვითარებას და კეთილდღეობას. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, ეფექტიანობასთან ერთად, უზრუნველყოფს სოციალური უსაფრთხოების გარანტიებს, რაც გულისხმობს ხელმისაწვდომ განათლებას, ჯანდაცვას, საბაზისო სოციალური უზრუნველყოფის სისტემების ინკლუზიურობის უზრუნველყოფას.  დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკის სოციალური ორიენტირებულობის ხარისხს, რომელიც  დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე: სამომხმარებლო კალათის შემადგენლობაზე, საშუალო ხელფასის და საარსებო მინიმუმის თანაფარდობაზე, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არსებული მოსახლეობის რაოდენობაზე, სოციალურ პროგრამებზე გაწეული ხარჯების წილზე მთლიან შიდა პროდუქტში, შემოსავლების განაწილებაში უთანაბრობის ხარისხზე და სხვა. მათ გაუთვალისწინებლობას უარყოფითი მულტიპლიკაციური ეფექტი  მოაქვს  ეკონომიკის განვითარებისათვის და ხელს უშლის ეროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.  ეკოლოგიური და სასურსათო პრობლემები, გარკვეული თვალსაზრისით, არყევენ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას. რთული ხდება ეკონომიკური წონასწორობის დაცვა, რაც კიდევ უფრო გაამწვავა თანამედროვე პანდემიამ.

კაცობრიობის განვითარებამ მიაღწია გარკვეულ ზღვარს, სამეურნეო საქმიანობით გამოწვეულმა ბუნების დეგრადაციამ, მსოფლიოს უთანაბრო განვითარების გაღრმავებამ მოგვიტანა, ალბათ, დღევანდელი პანდემია, რასაც შეიძლება კაცობრიობისათვის შეუქცევადი შედეგები მოჰყვეს. ჩვენ შევქმენით დამახინჯებული სამყარო,  დავაბინძურეთ იგი როგორც სულიერად, ასევე ეკოლოგიურად.

საერთო ეროვნული წარმატების მისაღწევად, დიდი როლი ეკისრება მოცემულ სიტუაციაში რეგიონულ განვითარებას, რისთვისაც საჭირო ხდება კონკრეტული რეგიონების შედარებითი უპირტესობების დადგენა და პრიორიტეტების სწორად განაწილება.

ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020-ის მიხედვით, მიზნად იყო დასახული შემდეგი მაჩვენებლების მიღწევა:[2]  მშპ ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური 13 000 ლარი, დღეისთვის  გვაქვს 13 239 ლარი; მშპ ერთ სულ მოსახლეზე მუდმივ ფასებში 9 200 ლარი, დღეისთვის გვაქვს იგივე, რაც ნიშნავს, რომ ინფლაციამ გაზარდა ეს მაჩვენებელი, მუდმივ ფასებში კი მაჩვენებელი უცვლელია თითქმის. ჯინის კოეფიციენტი 0,35-მდე უნდა შემცირებულიყო, გვაქვს  0,41; ინფლაცია 3,0 ფარგლებში უნდა ყოფილიყო, გვაქვს 5,2%; უმუშევრობა 12%-ზე ნაკლები იყო დაგეგმილი, გვაქვს 17,6%;  ექსპორტის წილი მშპ-ში 65%-მდე უნდა გაზრდილიყო;  მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის წილის შემცირება  მშპ-ში 6% -მდე იყო დაგეგმილი, გვაქვს 9,1%-ზე მეტი;  სახელმწიფო ვალის მიმართება მშპ-თან 40%-ზე უნდა ჩამოსულიყო, თუმცა  გვაქვს 59,9 %.

ეს პრობლემები სხვა მიზეზებთან ერთად კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა შექმნა ძირითადად და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა მხარეს.

2020 წლის ბიუჯეტის მხოლოდ საგადასახადო შემოსავლები შემცირდა 1.3 მლრდ ლარით. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში დამატებითმა საჭიროებებმა 1.6 მლრდ ლარს მიაღწია. საერთო ჯამში, 2020 წლის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის  9.1%-მდე გაიზარდა.

მთავრობის მიერ განხორციელდა საერთაშორისო დახმარების სწრაფი მობილიზება 1.7 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით. ეს რესურსები მიმართული იყო  შემცირებული საბიუჯეტო შემოსავლების და ანტიკრიზისული ხარჯების დასაფინანსებლად, რამაც გამოიწვია სახელმწიფო ვალის მშპ-სთან მიმართებით ზრდა 59.9%-მდე. ეს კრიტიკული ნიშნულია. მთავრობა ცდილობს  ვალის მაჩვენებელი მომდევნო წლებში არ აღემატებოდეს 40%-ს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა დაუბრუნდება პოზიტიურ დინამიკას და ზრდა იქნება 4.3%.  ამისათვის საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მოკლევადიანი პრიორიტეტი იქნება:  Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული დანაკარგების მინიმიზაცია; აღდგენა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.

საშუალოვადიან პერიოდში მთავარ პრიორიტეტად დარჩება: ქვეყნის რეგიონული და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება; კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის ხელშეწყობა; შიდა და უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა.

2020 წელს, მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 330 943 ერთეული შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ - 146 619. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისში დაფიქსირდა და  63.1 ათასი შეადგინა, მიმღებთა რაოდენობა კი 32.7 ათასით განისაზღვრა. სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა საერთო რიცხოვნობამ 174 612 შეადგინა, საიდანაც 35.0 პროცენტს ქალები შეადგენენ, ხოლო 65.0 პროცენტს - მამაკაცები. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან  72.5 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 12.6 პროცენტს  - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 8.9 პროცენტს - ომის მონაწილეები, 5.7 პროცენტს - სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.3 პროცენტს - სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები. [3]

პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე უცვლელი დატოვა.[4]

ცნობილია, რომ 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში „Fitch"-მა შეამცირა სომხეთის საკრედიტო რეიტინგი, ხოლო სლოვაკეთის, ბელარუსისა და ლატვიის შემთხვევაში, შეამცირა რეიტინგის პერსპექტივა. სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4.3 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 5.8 პროცენტით გაიზრდება. ეკონომიკის აღდგენა და მთავრობის მიერ გაცხადებული ვალდებულება, უზრუნველყოს 2024 წლისთვის მშპ-ის 3.0%-ზე ნაკლები დეფიციტის მიღწევა, ხელს შეუწყობს საშუალოვადიან პერიოდში ვალის დონის შემცირებას.

პროგნოზი დამაიმედებელია, მაგრამ მისი მიღწევა მხოლოდ სამთავრობო ძალისხმევით გართულდება. აუცილებელია მსხვილი ბიზნესის აქტიური ჩართვა აღნიშნულ პროცესებში. მითუმეტეს საქართველოს ჰყავდა ცნობილი მეცენატები, რომლებიც დიდ როლს ასრულებდნენ ხელმოკლე ოჯახთა დასახმარებლად. სარაჯიშვილების, ზუბალაშვილების და სხვების ქველმოქმედება მაგალითი უნდა იყოს თანამედროვე ბიზნესმენებისათვის. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა სწორედ ახლა არის საჭირო.

ზუბალაშვილთა სხვადასხვა თაობამ თავისი საქმიანობით დაგვანახა ნიჭიერება, ენერგიულობა და სასარგებლო ქმედებები. ქველმოქმედი ძმების ხელშეწყობით მრავალმა ადამიანმა მიიღო განათლება. მათ შორის იყვნენ: ალექსანდრე ჯანელიძე, სარგის კაკაბაძე, ალექსანდრე ფაღავა, გერონტი ქიქოძე, პავლე ინგოროყვა, ლეო ქიაჩელი და სხვები.

ასევე დიდი მეცენატი იყო დავით სარაჯიშვლი. მისი თანამემამულენი ამტკიცებდნენ, რომ სიმდიდრე მისი მსახური იყო და არა ბატონი. მან პირველმა კავკასიაში დაიწყო საკონიაკე სპირტის ფრანგული ტექნოლოგიით გამოხდა და მუხის კასრებში დაძველება. იგი კონიაკის წარმოების პიონერი და ფუძემდებელი იყო. დავითის ხელშეწყობით მრავალმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება საზღვარგარეთ: დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, პროფესორები სოლომონ ჩოლოყაშვილი, მიხეილ შალამბერიძე, სარგის კაკაბაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ილია ყიფშიძე, შემდგომში კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე). ფულად დახმარებას უწევდა აკაკი შანიძეს, დავით კასრაძეს, თედო სახოკიას, გერონტი ქიქოძეს და სხვებს. დავით სარაჯიშვილს კარგად ესმოდა, რომ განათლებული ადამიანები აშენებენ განვითარებულ საზოგადოებას. დიდი წვლილი შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობაში. მისი ოცნება იყო სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ცხოვრების პატიოსანი წესი და ის ღირებულებები, რომლებსაც ამკვიდრებდა დიდი ილია და ყველა მათი თანამოაზრენი.

დიდია ნიკო ნიკოლაძის ღვაწლი. მან ჭუჭყიანი, წუმპე-ტალახიანი ფოთი გადააქცია უმშვენიერეს ქალაქად, მან აამოძრავა ფოთის სიცოცხლის ძარღვი. თუმცა რანი ვართ ქართველები, ძალიან კარგად ჩანს მისი წერილიდან, რომელიც მან დაწერა  1913 წლის მარტში გაზეთ „იმერეთში“: „პასუხისგებაში ვარ მიცემული. ამ გასაჭირში მშველელი არსად ჩანს, თორემ დამწიხვლელი, უთვალავია. ყოველ ჭინჭრაქას, ყოველ ლაწირაკს და ქვემძრომს შეუძლია მავნოს, თვალდახელშუა სიცრუის თქმითაც...“. მას ბრალად დასდეს ქრთამის აღება, რომელიც არც კი გაუფიქრებია. სასამართლოზე იგი გაამართლეს, თუმცა გული კი ძალიან ატკინეს.

მეცენატები ქველმოქმედებას აგრძელებენ.... სწორედ ასე გადავრჩებით. სახელმწიფოს და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით, საზოგადოების მხარდაჭერით  იქნება შესაძლებელი იმ პრობლემების დაძლევა, რაც დაგროვდა ამ ხნის განმავლობაში. 

გამოყენებული ლიტერატურა 

1. პაპავა ვ. „საქართველოს ეკონომიკა: რეფორმები და ფსევდორეფორმები“. თბილისი, „ინტელექტი“, 2015

2. სილაგაძე ა. „ეკონომიკური დოქტრინები“. თბილისი, „ინოვაცია“, 2012

3. ქ. შენგელია,  „ცხოვრების დონის გაუმჯობესების ძირითადი მიმართულებები საქართველოში“, ჟურნ. ეკონომიკა,  №6, 2017

4. ქ. შენგელია, „ბიზნესის  სოციალური  პასუხისმგებლობის  ამაღლების  ძირითადი  ტენდენციები საქართველოში“, საერთაშორისო სამეცნიერო  ჟურნალი „სეუ და მეცნიერება“, 2018

5. Galbraith J.K. Economics in the Century Ahead. “The Future of Economics.” Oxford, Blackwell, 1992

6. Porter M.Competitivite Advantages of Nations. “Harvard Business Revieu”, 1990, ʋ 2

7. Stiglitz J. The Price Inequality. “W.W. Nortonn & Company”, New York-London, 2012

8. http://gov.ge/index.php. გადამოწმებულია 20/02/2021


[1] https://mof.ge/images/File/2020

[2] https://napr.gov.ge/source

[3] https://www.geostat.ge/media/36401

[4] http://gov.ge/index.php